უკრაინამ თავის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, იმ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამოსვლა აუკრძალა, სადაც მონაწილეთა შორის, რუსი და ბელარუსი ათლეტებიც იქნებიან. ამ დეკრეტს ხელი ქვეყნის სპორტის მინსტრის მოადგილემ მოაწერა, ვინც როიტერსთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს „ცუდი გადაწყვეტილებაა“, მაგრამ მაინც ალტერნატივაზე უკეთესია.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის სპორტის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუს და ბელარუს ათლეტებს, ოლიმპიადებზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგი გადაწყვეტილებები არ არსებობს. ჩვენ იძულებული ვართ, რამდენიმე ცუდ გადაწყვეტილებას შორის ავირჩიოთ. მოვუწოდებთ სხვა (ქვეყნებს) ასევე... არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეჯიბრებში", - განაცხადა მინისტრმა მატვიი ბიდნიიმ.
უფრო ადრე, უკრაინამ თავისი სპორტული ფედერაციები გააფრთხილა, რომ თუ მათი ათლეტები საერთაშორისო შეჯიბრებში, რუს და ბელარუს მეტოქეებს შეხვდებიან, მათ მმართველი ორგანოს სტატუსი ჩამოერთმევათ. ბიდნიი დასძენს, რომ აკრძალვა ეხებათ რუსეთის და ბელარუსის პასპორტების მქონე ათლეტებთან შეხვედრებს. აკრძალვა ასევე არ ეხება იმ შეჯიბრებს, სადაც ათლეტები საკუთარ თავს, ან კლუბებს წარმოადგენენ და არა ქვეყნებს. ბიდნიი ასევე ამბობს, რომ აკრძალვა არ ეხებათ უშუალოდ ათლეტებს. დეკრეტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ფედერაციები სახელმწიფოსგან დაფინანსებას აღარ მიიღებენ.