საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ესპანურმა გამოცემა fichajes-მა „ლივერპულს“ დაუკავშირა.
წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელის თამაშით მოხიბლული არიან და სურთ ის ზაფხულში გადაიბირონ. მას შემდეგ, რაც „წითლების“ რიგები სადიო მანემ დატოვა, კლუბს ამ პოზიციაზე პრობლემა აქვს, ამიტომაც, კვარას შეძენის საკითხი დღის წესრიგში უფრო აქტუალური ხდება.
„ლივერპულში“ კარგად ესმით, რომ აურელიო დე ლაურენტისი 22 წლის კვარაცხელიას მარტივად, მით უფრო, იაფად არ შეელევა. როგორც აღნიშნული ვებგვერდი წერს, მერსისაიდელები მზად არიან „ნაპოლის“ 130 მილიონი ევროც გადაუხადონ.
სხვათა შორის, სერია A-დან 130 მილიონ ევროდ არავინ გაყიდულა, შესაბამისად, ეს თუ მოხდება, კვარაცხელიას ტრანსფერი სარეკორდო იქნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, გარიგების წარმატებით დასრულების შანსი ბრიტანული მედიის ცნობით, არცთუ ისე მაღალია. პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაპოლი“ არ აპირებს ხვიჩასთან ზაფხულში შელევას, მეორე მიზეზი კი ინგლისური გუნდის ფინანსური მდგომარეობაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის ნეაპოლელებმა გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ დაიმატეს.