საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მთავარ შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერები, „დინამო ბათუმი“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
მარტო ის რად ღირს, რომ „აჭარაბეთ არენის“ ტრიბუნები ლამის ბოლომდე შეივსო, რაც საქართველოს ჩემპიონატში მართლაც სასიამოვნო სანახავი იყო. თამაშიც კარგი გამოვიდა, ინტენსიური და დაძაბული.
ბათუმელებმა ძალიან კარგად დაიწყეს და მალევე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ჯერ ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო 8 წუთის შემდეგ ჯოვინომ ითამაშა შესანიშნავად, საჯარიმოდ გარედან და მახვილი კუთხიდან, კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0.
გია გეგუჩაძის გუნდი ტაიმის ბოლომდე კომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ ბოლო წუთებში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ჯერ იყო და, 42-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ცოტა ხანში სანდრო ალთუნაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. სხვათა შორის, იყო თუ არა, მისი მხრიდან წესის დარღვევა, საკამათოა.
რიცხობრივი უპირატესობა „დინამო თბილისმა“ მეორე ტაიმში გამოიყენა. ანგარიში დავით სხირტლაძემ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შედეგად, ეროვნულ ლიგაში ისევ ორხელისუფლიანობაა.
ორივე გუნდს 20-20 ქულა აქვთ, ჯერჯერობით, დაუმარცხებლად ასპარეზობენ. პირველი წრის ბოლო ტურში „დინამო ბათუმი“ 21 აპრილს, „ტორპედოს“ ესტუმრება, ხოლო „დინამო თბილისი“ იმავე დღეს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (2:1)
ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“
„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ჩიჩკანი; მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, ჩაბრაძე; ტეიდი (ვიდაკოვიჩი 86), ალთუნაშვილი; ღუდუშაური (ლიტვინენკო 46), ზარია (ბიძინაშვილი 54), ჯოვინო (მოსიაშვილი 76); კონატე (კაპანაძე 54)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): კერესელიძე; მალი (ხვადაგიანი 76), ნზაბა, ტაბიძე (ლაკვეხელიანი 63), კობოური; სხირტლაძე, ხარაიშვილი (მოისწრაფიშვილი 63); კირკიტაძე (კამარა 58), იმრანი (უგრეხელიძე 76), ვაგნერი; მარუშიჩი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 ღუდუშაური (16), 2:0 ჯოვინო (24), 2:1 იმრანი (42), 2:2 სხირტლაძე (76)
გაფრთხილება: ალთუნაშვილი (40, 45) - ტაბიძე (59), ლაკვეხელიანი (73), ხვადაგიანი (78)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი