ფეხბურთი

17:00 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილმა ავტოგოლი გაიტანა, "შახტარმა" მაინც მოიგო (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის „შახტარმა“ მე-6 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა „ლვოვის“ წინააღმდეგ, რომელსაც მძიმე ბრძოლაში 2:1 მოუგო.

გიორგი გოჩოლეიშვილმა ზედიზედ მესამედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ წინა ორი ტურისგან განსხვავებით, როცა ზედიზედ მოხვდა ტურის სიმბოლურში, ამჯერად არ გაუმართლა.

ქართველმა მცველმა ავტოგოლი გაიტანა. 56-ე წუთზე თავით ცდილობდა ბურთის კუთხურზე გადაგდებას, მაგრამ საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლვოვი“ დაწინაურდა. დონეცკელებმა ამის მერე 2 გოლი გაიტანეს და მაინც მოიგეს. გამათანაბრებელი გოლი სწორედ გიორგის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა.

გოჩოლეიშვილს „შახტარის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა მოახერხა. დონეცკური კლუბი 49 ქულით პირველ ადგილზეა, „დნიპრო 1“-ს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 16 აპრილს, ისევ „ლვოვს“ ეთამაშება.

0.136468