ფეხბურთი

1:00 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ბაიერნს" აჯობა, "ინტერიც" თითქმის ნახევარფინალშია

ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალური ეტაპით განახლდა და ორი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე აშკარად გამოიკვეთა.

მიუნხენის „ბაიერნს“ მწვრთნელი ორიოდ კვირის წინ შეუცვალეს, რამაც ამ გადმოსახედიდან არ გაამართლა. „რეკორდმაისტერი“ ერთი კვირის წინ გერმანიის თასიდან გავარდა მეოთხედფინალში, ახლა კი იგივე საშიშროების წინაშე ჩემპიონთა ლიგაზეც დგას, თან რეალურად.

„ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა და ვერაფერი მოახერხა - 0:3 წააგო. რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ეს მიუნხენში სოლიდური უპირატესობაა. ინგლისელები პირველი ტაიმის შუაში როდრიმ ფანტასტიკური გოლით დააწინაურა. ესპანელმა შორი მანძილიდან ცხრიანში გაიტანა. შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ გოლები დღეს მხოლოდ იან ზომერის კარში გადიოდა.

თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ბერნარდო სილვამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 7 წუთში რაღა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდმაც გაიტანა, რომლისთვის ეს სეზონში 45-ე გოლი გამოდგა! საოცარი მაჩვენებელია. „ბიერნმა“ სუსტად ითამაშა, მეტწილად დაცვაში, სადაც შეცდომები აშკარა იყო. არადა, გერმანულმა გიგანტმა წინა ეტაპზე პსჟ-ს ძალიან იოლად მოუგო, ოღონდ, მაშინ იულიან ნაგელსმანთან ერთად. ჯერჯერობით, ტუხელი ვერ ამართლებს მოლოდინს და ერთ კვირაში შინ სასწაული ქამბექის იმედად უნდა იყოს. ჰო, კიდევ: ნაგელსმანის ხელში „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8-დან 8 თამაში მოიგო...

პარალელურად, „მანჩესტერ სიტის“ დარად ძალიან ახლოსაა ნახევარფინალთან მილანის „ინტერი“. სიმონე ინძაგის გუნდმა ლისაბონში „ბენფიკას“ იოლად მოუგო - 2:0. არადა, მილანური გრანდი თითქოს კრიზისულ პერიოდს გადიოდა, 6-მატჩიანი მოუგებელი სერიით, ხოლო „ბენფიკას“ დიდებული სეზონი აქვს.

თუმცა, კლასმა მაინც თავისი თქვა: იტალიელებმა პორტუგალიელებს არაფრის უფლება მისცეს, თვითონ კი მეორე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და გოლებიც გაიტანეს. ჯერ ნიკოლო ბარელამ გახსნა ანგარიში, მერე რომელუ ლუკაკუმ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა. ორბურთიანი უპირატესობა და საშინაო კედლები: ეს „ინტერისთვის“ კომფორტული სიტუაციაა.

ამდენად, მილანური კლუბი ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ (1992 წლიდან, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა) და 2010 წლის შემდეგ პირველად გასვლასთან.

„ბენფიკა“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)

ლისაბონი, „და ლუჟი“

„ბენფიკა“ (4-2-3-1): ვლახოდიმოსი; ჟილბერტო, ანტონიო სილვა, მორატო, გრიმალდო; ჩიკინიო, ფლორენტინო; ჟოაო მარიო, რაფა სილვა, ორსნესი; რამოში

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

„ინტერი“ (3-5-2): ონანა; დარმიანი, აჩერბი, ბასტონი (დე ვრეი (90); დუმფრისი (დ’ამბროზიო 86), ბარელა, ბროზოვიჩი, მხითარიანი, დიმარკო (გოსენსი 63); ლაუტარო (კორეა 63), ჯეკო (ლუკაკუ 63)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 ბარელა (51), 0:2 ლუკაკუ (82, პენ)

გაფრთხილება: ანტონიო სილვა (22) - ბროზოვიჩი (50)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 10 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნი“ 3:0 (1:0)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (3-2-4-1): ედერსონი; აკანჯი, რუბენ დიაში, აკე; სტოუნსი, როდრი; ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (ალვარესი 68)), გიუნდოგანი, გრილიში; ჰოლანდი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ზომერი; პავარი, უპამეკანო, დე ლიხყი, დევისი; გორეტცა, კიმიხი; კომანი, მუსიალა (მანე 69), სანე; გნაბრი (მიულერი 80)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 როდრი (27), 2:0 ბერნარდო სილვა (70), 3:0 ჰოლანდი (77)

გაფრთხილება: ბერნარდო სილვა (48) - დევისი (49), პავარი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 12 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ხილ მანსანო (ესპანეთი)

0.133259