ფეხბურთი

21:57 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი დი ლორენცო: "ნულოვანი შიში, გუნდი მზადაა და განსხვავებული თამაში იქნება"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ისინი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მზად არიან.

„0:4-ზე ბევრი ლაპარაკი იყო, ის მატჩი გავაანალიზეთ მწვრთნელთან ერთად და მთავარი ისაა, ხვალ რა იქნება. დიდ გუნდს ვეთამაშებით და რთული თამაში იქნება თავის კონტექსტიდან გამომდინარე. კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ. ლეჩეში მოგება მორალურად დაგვეხმარა.

ლეაო ძლიერი და ხარიხიანი ფეხბურთელია, მაგრამ ყურადღებით მთელი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ, მათ ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავთ. 0:4? არანაირი შიში, მნიშვნელოვანია ხვალ, რასაც გავაკეთებთ. ეს მძიმე მარცხი იყო, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება და სწორად მივუდგებით.

ოსიმენის არყოფნა? ვიცით, რომ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ ვართ დამოკიდებული, მე ყველა სხვა ფეხბურთელის მიმართ დიდი ნდობა მაქვს. ოსიმენი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჯერად არ იქნება და იმ ფეხბურთელებით ვითამაშებთ, რომლებიც გვყავს. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეთამაშა, მაგრამ გარისკვას აზრი არ ჰქონდა.

ჩემი აზრით, 0:4 წაგებულ მატჩში ჩვეული გუნდი არ ვიყავით, ის შედეგი ხვალინდელი მატჩის წინ არ მაშფოთებს, რადგან ხარისხიანად ვითამაშებთ. განსხვავებული მატჩი იქნება, ვიცით მისი მნიშვნელობა, თავდაჯერებული ვართ და სერია A-სგან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება.

რასპადორი? არანაირი რჩევა არ მიმიცია, მას აქვს გამოცდილება, ევროპის ჩემპიონია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ხარისხიანი. ბოლო დროს ტრავმებმა ცოტა შეაფერხა, მაგრამ თუ მოედანზე გასვლა მოუწევს, დარწმუნებული ვარ, კარგად ითამაშებს. მნიშვნელოვანი თამაშია, ჩემთვის, ასევე სხვებისთვის, კლუბისთვის და ტიფოზებისთვის. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამით უნდა დავტკბეთ. კარგად მოვემზადეთ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.115673