მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდესა და „ვილიარეალის“ ფეხბურთელ ალექს ბაენას შორის მატჩის დასრულების შემდეგ კონფლიქტი მოხდა.
როგორც ესპანური მედია წერს, ურუგვაელი ფეხბურთელი ბაენას ავტოსადგომზე დაელოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აგრესია დაადასტურა „ვილიარეალის“ მოთამაშემაც, მაგრამ უარყო მიზეზი, რასაც ვალვერდეს გაბრაზებას უკავშირებენ.
როგორც მედია წერს, ბაენამ თამაშის დროს ვალვერდეს შვილი შეურაცხყო, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში გარდაიცვალა. თუმცა, ალექსმა ეს კატეგორიულად უარყო.
„ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით, ისეთ სტადიონზე, როგორიც „სანტიაგო ბერნაბეუა“, მაგრამ ამავე დროს ძალიან დამწუხრებული იმ აგრესიის გამო, რომელიც თამაშის შემდეგ განვიცადე და გაკვირვებული ვარ იმით, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, მე მსგავსი არაფერი მითქვამს“, - დაწერა ბაენამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ მადრიდში „რეალი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა.