ბრაზილიური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონისადმი გამოთქმული რასისტული და ჰომოფობიური გამოთქმებისთვის, 5 მილიონი ბრაზილიური რეალით (დაახლოებით 950 ათასი ამერიკული დოლარი) დაჯარიმდა.
2021 წელს მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, ჰამილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის მომხდარ ინციდენტს განიხილავდა, ჰამილტონის მიმართ, რასისტული ტერმინი გამოიყენა. მოგვიანებით, 70 წლის პიკემ ამის გამო, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი გამონათქვამი არასწორად იყო აღქმული.
მოგვიანებით, სოციალურ მედიაში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც პიკე ასევე ჰამილტონის მიმართ, რასისტულ ტერმინებს იყენებს. ამჯერად ის განიხილავდა 2016 წლის სეზონში ჰამილტონის დამარცხებას თანაგუნდელ ნიკო როსბერგის მიერ.
ცნობისათვის, ჰამილტონი ფორმულა 1-ის ერთადერთი შავკანიანი პილოტია. ახლახანს მას ბრაზილიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. რაც შეეხება პიკეს, მისი ქალიშვილი ფერსტაპენთან მეგობრობს.
სასამართლოში პიკეს წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა დამცველმა ოთხმა ჯგუფმა შეიტანა. მათ შორის იყო ბრაზილიის ეროვნული LGBT+ ალიანსი, რომელმაც პიკეს 10 მილიონი ბრაზილიური რეალის ჯარიმით დასჯა მოითხოვა.