იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და რთულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ლუჩანო სპალეტის გუნდს არ ჰქონია იოლი გასეირნება, ვერც იმას ვიტყვით, რომ მოგება აშკარად დაიმსახურა.
„აძური“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ვერ არის ისეთი ლაღი, როგორიც მანამდე, ვნახოთ, როგორ ითამაშებს „მილანთან“ მომდევნო მატჩში. „ნაპოლიმ“ ცუდ ფორმაში მყოფ „ლეჩესთანაც“ გაუჭირდა. ცნობისთვის, „ჯალოროსის“ ამ ტურამდე ზედიზედ 5 წაგება ჰქონდა და იმ 5 მატჩში გოლიც ვერ გაიტანა.
თუმცა, „ნაპოლის“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ახლოსაც იყო ქულის მოპოვებასთან, უხეში შეცდომა რომ არა. სპალეტის გუნდი მე-18 წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ დააწინაურა, რასაც 52-ე წუთზე ფედერიკო დი ფრანჩესკომ უპასუხა - 1:1.
თუმცა, 64-ე წუთზე ანტონიო გალომ მეკარის შეცდომით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მართლაც, აქ მეკარის ბრალეულობა იყო, ვიდრე მცველის. ისიც უნდა ითქვას, რომ ნეაპოლელებს სხვა რეალური მომენტები არ შეუქმნიათ და ვიქტორ ოსიმენის არყოფნა იგრძნობოდა.
ხვიჩა კვარაცხელია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. ქართველმა მეორე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეფექტური პასით დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს ანგარიშზე.
„ნაპოლი“ სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩი კი 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად „მილანთან“ ელოდება. რაც შეეხება სერია A-ს, „აძური“ 30-ე ტურში 15 აპრილს, „ვერონას“ უმასპინძლებს.
„ლეჩე“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64. ა.გ)