ფეხბურთი

22:10 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "სპალეტიმ მცველებთან დინამიტად მაქცია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელოდება იტალიის ჩემპიონატის მოგებას. გარდა ამისა, ლუჩანო სპალეტის მის მიმართ მუშაობასა და წვლილზე ილაპარაკა.

„ბოლო რამდენიმე სეზონში მწვრთნელებთან ურთიერთობა ფუნდამენტური იყო. გატუზოსთან ვალში ვარ, რადგან მან აამაღლა ჩემი თვითშეფასება და მოტივაცია, მაგრამ ლუჩანო სპალეტისთან ერთად ჩემი ზრდა კიდევ უფრო გაძლიერდა იმ მომთმენი მუშაობის წყალობით, რომელსაც სპალეტი ჩემთან მიმართებაში თვეების განმავლობაში ატარებდა. სპალეტიმ მომთხოვა, რომ ვყოფილიყავი ასაფეთქებელი, თავი მეტოქის დაცვაში ერთგვარ დინამიტად მექცია. ღრმა ანალიზი ჩავატარეთ, შედეგად, გადაწყდა, რომ მცველებისგან 5-მეტრიანი დისტანცია უნდა მქონდეს, რადგან ამ მანძილს სხვებზე უფრო სწრაფად ვფარავ, ამიტომაც, ეს არის მანძილი, რომელიც მცველებთან უნდა დავიჭირო. ამ მეთოდით შევიმუშავეთ უფრო სწრაფი და აგრესიული შემტევი მოდელი, რომელიც საშუალებას მაძლევს, პირდაპირ კართან აღმოვჩნდე, ან თანაგუნდელები პრესინგისგან გავათავისუფლო ან პასი გავუკეთო, მაგალითად, კვარაცხელიას.

ჩემთვის დიდი პატივია იმ გუნდში თამაში, სადაც დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა. მინდა „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო მოვიგო, რადგან მსურს ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი გახარებული ვნახო და ზეიმს მოუთმენლად ველოდები, დიდი ემოცია იქნება“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში მეტოქეთა კარში 25 გოლის გატანა შეძლო.

0.111625