ფეხბურთი

16:43 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ახალი მსურველი: ქართველი მეკარე „ჩელსის“ დაუკავშირეს

„ვალენსიას“ ქართველი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის გარშემო საუბრები არ წყდება. ამჯერად, 22 წლის მეკარე ესპანურმა გამოცემა COPE-მ „ჩელსის“ დაუკავშირა.



ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლობა ლონდონში იმყოფებოდა, სადაც „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრას დაესწრო, შემდეგ კი გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა. „ლურჯები“ მამარდაშვილის შეძენით დაინტერესებულნი არიან და მზად არიან „ვალენსიას“ შეთავაზება მაშინვე გაუკეთონ, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

როგორც უკვე ცნობილია, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პიტერ ლიმი მზადაა ქართველი მეკარე გაყიდოს. მამარდაშვილს არაერთი მსურველი გამოუჩნდა, განსაკუთრებით კი მას „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, საქმეში „ჩელსიც“ ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარი 31 მატჩში დაიცვა და 7 შემთხვევაში, მისი მშრალად შენახვაც მოახერხა. რაც შეეხება „ვალენსიას“, გუნდი რთულ მდგომარეობაშია და თითქმის მთელი სეზონია, გასავარდნი ზონის გარშემო ტრიალებს.

0.117034