კალათბურთი

11:03 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი სოლტ ლეიქ სითიში: „ლეიკერსი“ პლეი-ოფის ზონაში შევიდა

სოლტ ლეიქ სითიში „იუტა ჯაზი“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუხვდა და დრამატულ შეხვედრაში, ოვერტაიმში, 133:135 დამარცხდა.



„ლეიკერსი“ სეზონის ბოლო ნაწილს ძალიან მაღალ დონეზე ატარებს. გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პირდაპირ პლეი-ოფის ზონაში დაიმკვიდროს ადგილი და პლეი-ინის თამაში აღარ მოუწიოს და ჯერ-ჯერობით, ამ მიზანს უახლოვდება კიდეც.

„ვივინტ სმარტ ჰოუმ არენაზე“ „იუტა ჯაზი“ სწორედ კალიფორნიულ გუნდს დაუპირისპირდა და ძირითადი დროის ფრედ, 124:124 დასრულების შემდეგ, ოვერტაიმში დამარცხდა.

რა თქმა უნდა, „Clutch“ ფაზაში თამაში თავის თავზე ლებრონ ჯეიმსმა აიღო და მისი ბრუნის შემდეგ ჩაგდებულმა ორქულიანმა მოუპოვა „ლეიკერსს“ გამარჯვება - 133:135.

შეხვედრაში საუკეთესოც „მეფე“ იყო, რომელმაც 37 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მას მხარი ოსტინ რივსმაც აუწყო 28 ქულით და ამ დუომ მოახერხა ის, რომ კალიფორნიული გუნდი პლეი-ოფის ზონაში, ზუსტად მე-6 ადგილზე შეიყვანა.

„ლეიკერსს“ მიზნის მისაღწევად 3 ძალიან რთული შეხვედრა აშორებს - 6 აპრილს გუნდი „ლოს ანჯელეს კლიპერსს“, 8 აპრილს „ფინიქს სანსს“ და 9 აპრილს კი კვლავ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდება. პირველი ორი გუნდი სწორედ ელეის კონკურენტია, მესამე მათგანი კი ჯერ კიდევ იბრძვის „პლეი-ინში“ მოსახვედრად, ასე რომ „ლეიკერსს“ ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი.

რაც შეეხება „იუტა ჯაზს“, გუნდს 36 მოგება და 43 მარცხი აქვს და მე-12 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სოლტ ლეიქ სითის წარმომადგენლები 7 აპრილს, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.115341