ფეხბურთი

16:45 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა კვარაცხელიას კონტრაქტზე, ულტრასების პროტესტსა და "მილანთან" წაგებაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებასა და პირობების შესაძლო გაუმჯობესებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან თქვა, რომ 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმებულია და ამ თემაზე საუბარი უადგილოა. გარდა ამისა, მან ულტრასების პროტესტსა და ბილეთების ფასის მატებაზე გააკეთა კომენტარი.

„ეს ამბავი 50 წელია გრძელდება. სანამ ტეტჩერის კანონი არ მიღებული და არ გავრცელდება იტალიაში, ყოველთვის გვექნება ეს პრობლემები. ესენი არიან არა ნამდვილი გულშემატკივრები, არამედ კრიმინალები, რომლებსაც სტადიონზე შესვლის საშუალება აქვთ და აკნინებენ ნამდვილ გულშემატკივრებსა და ოჯახებს იმ მომენტებით, რომლებიც ყველამ ვნახეთ.

სკუდეტოს ზეიმი სტადიონზე გაიმართება და არ შეიძლება სტადიონზე არეულობა იყოს, იმედი მაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობა საჭირო ზომებს მიიღებს. ზეიმი ნელ-ნელა დაიწყება, მაგრამ ნეაპოლელები მთელ ქალაქში უკვე ზეიმობენ, რაც მაღელვებს, რადგან ცრუმორწმუნე ვარ და ჯერ არაფერი გვაქვს მოგებული. ეს ყველაფერი სიგიჟეს ჰგავს, თუმცა მესმის, რადგან ნეაპოლიტანური სითბოს ნაწილია.

კვარაცხელიას კონტრაქტი? რომელ გაუმჯობესებაზე მელაპარაკებით, არ გინდათ, რომ აღარ შემაწუხოთ? კონტრაქტები ფორმდება ორ მხარეს შორის, რას ნიშნავს ეს? ერთი მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს და შემდეგ ფორმდება არა 1-წლიანი, არამედ 5-წლიანი კონტრაქტი.

ბილეთების გაძვირება? როდესაც „მილანი“ ჩვენს წინააღმდეგ შინ ითამაშებს, ბილეთებიდან 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ჩვენ, როცა მასპინძლები ვიქნებით, ალბათ 5 მილიონს მივაღწევთ. „მილანი“ ბილეთებს 800 ევროდაც ყიდის, ჩვენთან ყველაზე მაღალი ფასი 500 ევროა, ისიც, მაქსიმუმ 80 ადგილის. თუ თქვენ მერსედესს ან ფიატს ნეაპოლში ყიდულობთ, უფრო იაფს იხდით, ვიდრე მილანში? არ მგონია ასე იყოს. როდესაც გაზეთს ან სიგარეტს ყიდულობთ, უფრო ნაკლებს იხდით იმიტომ, რომ ნეაპოლში ხართ? ასე არ არის.

0:4 წაგება შემაშფოთებელია? აბსოლუტურად არა. როგორც ცხოვრებაში, ასევეა ფეხბურთში, შეიძლება გაიმარჯვო, დამარცხდე ან ფრე ითამაშო. საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი 12-18 აპრილს, „მილანს“ დაუპირისპირდება.

0.117782