„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ნეაპოლურ რადიოსთან გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც „აძური“ „მილანთან“ 0:4 განადგურდა. როგორც დი ლორენცომ აღნიშნა, შეცდომები უნდა გამოასწორონ, ჩემპიონთა ლიგაზე კი სხვა თამაშს ელოდება.
„ცუდი თამაში იყო, ჩვეული „ნაპოლი“ ვერ ვნახეთ და ახლა მწვრთნელთან ერთად გადავხედავთ შეცდომებს, რომ შემდეგი მატჩისთვის გამოვასწოროთ. სანაკრებო პაუზამ იმოქმედა? გრძელი მოგზაურობა ენერგიას გვართმევს, მაგრამ ეს არ არის ალიბი, „მილანსაც“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა სანაკრებო შეკრებებზე. ახლა „ლეჩესთან“ მატჩზე ვფიქრობთ.
ჩემპიონთა ლიგაზე სხვა თამაში იქნება, ყველაფერი ნულიდან დაიწყება, თუმცა, რთული იქნება, რადგან ვნახეთ, რომ „მილანი“ შესანიშნავი გუნდია. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უკეთ თამაში მოგვიწევს. გასახდელში ვიცით, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია, სკუდეტოსთვის ქულები ჯერ კიდევ გვჭირდება, მოედანზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და თუ ასე იქნება, გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი 12-18 აპრილს, „მილანს“ დაუპირისპირდება.