„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში „მილანთან“ მარცხზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და ულტრასების პროტესტზე ისაუბრა.
როგორც სპალეტიმ თქვა, ისინი „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თავს ფავორიტად არ მიიჩნევენ და გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ „ნაპოლი“ ფავორიტი არაა.
„ჩვეული ხარისხი დაგვაკლდა თამაშის კონსტრუქციაში, მაშინ, როცა ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ არ ვიყავით ბურთის მოპოვებაში ისეთი მრისხანეები, როგორც ჩვეულებრივ ვართ. არ ვიცით, იყო თუ არა, სეზონის საუკეთესო „მილანი“, სხვებისთვის სტიმული ვართ, მაგრამ „მილანს“ ეს არ სჭირდება, რადგან იტალიის ჩემპიონია.
არა მხოლოდ ნახევარდაცვაში, „მილანს“ უპირატესობა ყველა ზონაში ჰქონდათ. რაღაცები არასწორად გავაკეთეთ, რადგან ვჩქარობდით, თამაშში მალე დაბრუნების სურვილი გვქონდა და ნაკლებად ვფიქრობდით. ჩვენს გარემოცვაში ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფავორიტები ვართ, მაგრამ ვინ, რას ფიქრობს, არ გვაინტერესებს, რადგან უშუალოდ გუნდში არავის უთქვამს, რომ ფავორიტები ვართ. ვიცი, რა სირთულეა ჩემპიონთა ლიგის მატჩების თამაში და ვფიქრობ, ახლა ეს სხვებმაც გააცნობიერეს.
ულტრასების პროტესტი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ კარგად უნდა გავაკეთოთ ის, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვაკეთებდით. ვალდებულები ვართ პროფესიონალები ვიყოთ და ჩვენს საქმეს მივხედოთ, რაც გარეთ ხდება, ვერ გავუმკლავდებით. ცხადია, რომ 33 წლის განმავლობაში მიზანს ვერ მივაღწიეთ, ახლა კი ეს შეგვიძლია, მაგრამ ამასთან ერთმანეთს ვებრძვით, ეს ცოტათი ზიანს გვაყენებს, მაგრამ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ "მილანთან" წაგების (0:4) მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.