16:44 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლინდსტრომი და გალაჰერი: “ლივერპული“ ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს

მიმდინარე სეზონი „ლივერპულისთვის“ წარუმატებელი გამოდის. გუნდი ევროტურნირებს და თასებს გამოეთიშა, პრემიერლიგაში კი ოთხეულს ბევრი აშორებს, რის გამოც კლუბი ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს.



მერსისაიდულ გუნდში ერთ-ერთი პრობლემური პოზიცია ნახევარდაცვაა, სადაც მოთამაშეებს განუწყვეტლივ აწუხებთ ტრავმები. იურგენ კლოპი აპირებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ პოზიციას მიაქციოს.

The Independent-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპის რადარზე „ჩელსის“ 23 წლის ნახევარმცველი, კონორ გალაჰერი მოხვდა. გალაჰერი ლონდონურ კლუბზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი მისით მოხიბლულია, განსაკუთრებით შარშანდელი „კრისტალ პალასური“ სეზონის შემდგომ.

გარდა ამისა, გუნდში ძალიან მოსწონთ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრომი. ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, „წითლები“ მზად არიან ლინდსტრომში 35-40 მილიონი გადაიხადონ, თუმცა მათ კონკურენციას ლონდონის „არსენალი“ გაუწევს.

კონორ გალაჰერმა მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება იესტრება ლინდსტრომს, დანიელი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბუნდესლიგაში ჩატარებული 22 მატჩის შემდგომ, მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე პასია.

0.116964