ფეხბურთი

2:50 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ, ყველაფერი მშვიდად უნდა გავაანალიზოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისმა გუნდმა ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა.

იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ სანაკრებო შეკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილი დაბრუნდა, რამაც თამაშზე გავლენა იქონია.

„ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ვიცით. ეს იყო ჩვენს დონეზე ბევრად დაბალი ხარისხის თამაში. „მილანმა“ ძალიან კარგად ითამაშა, მათ თავიანთი შესაძლებლობები აჩვენეს და შექებას იმსახურებენ. კარგად გამოიყენეს სივრცეები, რომელიც ჩვენ მივეცით. ჩვენი დონის დაბლა ვითამაშეთ, მეტი არაფერია სათქმელი. ვერ ვაჩვენეთ ისეთი ხარისხი, როგორსაც ჩვეულებრივ ვაჩვენებთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ასეთ მეტოქესთან ძვირად გიჯდება.

სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზით დავზარალდით, რადგან ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში იყო წასული, ამან რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშზე იმოქმედა. ბიჭები მონდომებული იყვნენ, ისინი ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ უდავოა, რომ ზოგიერთები დაღლილები დაბრუნდნენ.

ახლა წინ უნდა გავიხედოთ და ყველაფერი მშვიდად გავაანალიზოთ. ყველა ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანთან“ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ახლა ალბათ სხვანაირად იტყვიან და ასეთი ხალხის რაოდენობა შემცირდება. ჩემპიონთა ლიგა არის შუქურა, სადაც ყველა მაქსიმუმს გასცემს და ეს ნამდვილად იქნება მატჩი, რომელშიც მაქსიმუმს გავიღებთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ წაგების მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.060715