ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლავალთან“ (1:0) გამარჯვებისა და ლამაზი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კმაყოფილი არასდროსაა და მუშაობას აგრძელებს. ცდილობს, რომ ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
„დიახ, მსგავს პოზიციაზე ერთი შეხებით დასარტყმელი ბურთი ალბათ პირველად მივიღე. უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა. ვცადე და გამომივიდა. „ლავალი“ კარგი გუნდია, ამიტომაც გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი იყო და ბედნიერები ვართ.
ადვილი არ იყო ამ გოლის გატანა, მაგრამ მე ყოველთვის მეტი მინდა. ლამაზი გოლით კმაყოფილი არ ვარ და ვაგრძელებ გოლების გასატანად მუშაობს. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ მეორე ადგილზე ვართ, რადგან ეს სეზონის ბოლოს ლიგა 1-ში გადასვლის საშუალებას იძლევა. „ბორდოს“ მატჩს დაველოდებით და თუ ვერ მოიგებს, ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება.
ნაკრებში გოლის გატანა დიდი სიამაყე და პატივია, ძალიან ბედნიერი ვარ. აქ დავბრუნდი და გოლიც გავიტანე, ეს მომავლისთვის მხოლოდ თავდაჯერებად შემმატებს. ჩემთვის რა თქმა უნდა, კარგია, რომ კრასომ პენალტი ვერ გაიტანა (იღიმის - რედ). ვცდილობ, ყველა თამაშში გადამწყვეტი ვიყო, წინ ვიყურები და უკან არ ვიხედები“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 15 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჟან-ფილიპ კრასოს ერთი გოლით გაასწრო. გარდა ამისა, მის აქტივში 7 საგოლე პასია (პლუს 1 გოლი თასზე გაიტანა). „მეცი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა, „ბორდოს“ ამ ტურში არ უთამაშია და მასზე ქულით მეტი აქვს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო ტურში 8 აპრილს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.