„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ მედიასთან ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიგერიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, სერიოზული არაფერი სჭირს და „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის იმედი აქვს.
„არაფერია სერიოზული, მაგრამ 10-12 დღე მჭირდება, რათა ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. იმედი მაქვს, ასე იქნება. ასევე დამარწმუნეს და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩისთვის მზად ვიქნები.
სკუდეტო? ყველანი ბედნიერები ვართ და მაქსიმუმს ვაკეთებთ ოცნების ასასრულებლად. ცოტას სჯეროდა ჩვენი, როდესაც სეზონი დაიწყო, მაგრამ ახლოს ვართ ჩვენს მიზნებთან და ერთი სული გვაქვს ოცნება ავიხდინოთ. გულშემატკივრების სითბო საოცარია, ამდენი სიყვარული არასდროს მიმიღია. მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად სკუდეტოს ზეიმს ნეაპოლის ქუჩებში“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.