ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2409), რომელიც ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ირჯება, ტურნირის სტარტზე მოპოვებულ ორ მოგებას ამდენივე ყაიმი მიაყოლა.
მე-4 ტურში არაბიძე თეთრი ფიგურებით ინდოელ ივანა მარია ფურტადოს (2165) დაუზავდა და თავი 3.0 ქულას მოუყარა. ზავით დასრულდა რუსების – დარია პუსტოვოიტოვას (2354) და პირველი რეიტინგის მქონე ალეკსანდრა გორიაჩკინას (2430) პარტიაც.
სადღეისოდ, 3.5 ქულით ხსენებული პუსტოვოიტოვა, ხადემალშარიე (ირანი, 2366), პადმინი (ინდოეთი, 2331) და ჩუმპიტაზი (პერუ, 2201) ლიდერობენ. მე-5 ტურში არაბიძე შავებით მისსავით 3.0 ქულის მქონე ინდოელ ნანდჰიდჰაას (2174) ეთამაშება.
2.5 ქულა მოაგროვა ირაკლი ბერაძემ (2318), რომელიც შავი ფიგურებით დიპტაიან გოშს (2508) დაუზავდა. მე-5 ტურში იგი თეთრებით აზერბაიჯანელ ნიჯატ აბასოვს (2528) გაეჯიბრება. ვაჟებში 4.0 ქულით ერთპიროვნულად პერუელი ხორხე კორი (2612) ლიდერობს.