ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდგომ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ალბანეთიც დაამარცხა.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში ლაშა ღონღაძემ გახსნა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ტაიმში ჩვენი მასტერ ლიგის ნაკრები კიდევ უფრო დიდი შემართებით გავიდა მოედანზე. 22-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. 3 წუთში ალბანელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა 32-ე წუთზე ლუკა ბლიაძემ ორბურთიანი სტატუს ქვო აღადგინა. მატჩს წერტილი უძლიერესი საჯარიმო დარტყმით ლევან ჩიხრაძემ დაუსვა - 4:1.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ირლანდია - 2:1, შემდეგ კი კვიპროსი - 3:2 დაამარცხა და ამ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ალბანეთსაც სძლია. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
დანარჩენ 1/4 ფინალურ შეხვედრებს რაც შეეხება, რუმინეთმა კვიპროსს უკვე სძლია 2:0, ამჯერად მასპინძელი მოლდოვასა და ხორვატიის შეხვედრა მიმდინარეობს, მოგვიანებით კი ყაზახეთისა და უნგრეთის დაპირისპირება გაიმართება.