ფეხბურთი

20:00 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელიგა განახლდა: “ტორპედომ“ მესამე გამარჯვება მოიპოვა, “საბურთალომ“ კი ათკაციან “გაგრას“ სძლია

სანაკრებო პაუზის შემდგომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შაბათის ორი შეხვედრით განახლდა. ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ სძლია, „საბურთალომ“ კი „გაგრა“ დაამარცხა.



დღის მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც თელაველებს დაუტუვებიათ ცუდი შთაბეჭდილება. ანგარიშის გახსნის პირველი შანსი „ტორპედომ“ პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო, როდესაც გუნდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა გიორგი კუხიანიძეს ლევან თანდილაშვილმა აჯობა.

ქუთაისის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 50-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი თამაშის შემდგომ ზუსტი დარტყმით ანგარიშიც გახსნა - 1:0.

გაშვებული გოლის შემდგომ „თელავი“ გააქტიურდა და 66-ე წუთზე პარკინაშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოს ვაჟა ფაცაცია ზუსტი თავურით გამოეხმაურა - 1:1.

მასპინძლები ამ ანგარიშზე თანახმა რა თქმა უნდა, არ იქნებოდნენ, შედეგად, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 88-ე წუთზე გუნდი პედრუ მონტეირუმ კვლავ დააწინაურა, რომელმაც გეგეჭკორის ჩაწოდებულს თავი კარგად დაუხვედრა. როგორც აღმოჩნდა, ეს შეხვედრაში ბოლო გოლი იყო და „ტორპედომ“ 3 ქულა მოიპოვა - 2:1.

6 ტურის შემდგომ, ქუთაისის „ტორპედოს“ 12 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „თელავს“, გუნდი 5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

„ტორპედო“ 2:1 „თელავი“

გოლები:
ბუღრიძე (50) – 1:0, ფაცაცია (66) – 1:1, მონტეირუ (88) – 2:1.


რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, მასში „საბურთალომ“ „გაგრა“ მარტივად, 3:0 დაამარცხა. ეს მარტივი გამარჯვება დიდწილად იმან განაპირობა, რომ სტუმრებს მე-3 წუთზე ნიკა ქავთარაძე გაუძევეს და მთელი მატჩის 10 კაცით ჩატარება მოუწიათ.

ანგარიში 34-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გახსნა. 8 წუთში „გაგრას“ კარში დანიშნული პენალტი იური ტაბატაძემ ზუსტად გარდასახა.

მატჩის მეორე ტაიმში „გაგრას“ კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი კოხრეიძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

„საბურთალოს“ ამ მოგების შემდგომ 9 ქულა დაუგროვდა და მე-4 პოზიციაზეა. „გაგრას“ მდგომარეობა კი კიდევ უფრო გართულდა. გუნდს 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

„საბურთალო“ 3:0 „გაგრა“

გოლები:
მამაგეიშვილი (34) – 1:0, ტაბატაძე (პენ. 42) – 2:0, კოხრეიძე (პენ. 63) – 3:0.
გაძევება: ქავთარაძე (3)

0.12968