ფეხბურთი

19:03 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ისტორიას სანამ არ დავწერთ, სერიოზულად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე ძალიან ვრცლად ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ჯერ არაფერი მოუგია, ამიტომ, მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე ფიქრობენ.

„ოსიმენის დანაკლისი მძიმეა, დამალვას აზრი არ აქვს. თუმცა, მართალია, როდესაც ვიქტორი დაგვაკლდა, გუნდმა შეძლო მისი შეცვლა და გამარჯვება. ჩვენ მიმდინარე სეზონში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვთამაშობთ და განსხვავება შექმნეს ჩოლიტოს მსგავსმა ფეხბურთელებმაც. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა, რადგან ყველამ ცოტა მეტი გაიღო ამ სეზონში, შესანიშნავი მატჩები ვითამაშეთ მაღალი დონის მეტოქეების წინააღმდეგაც.

ვიმეორებ, რომ ოსიმენის არყოფნა მძიმეა, მაგრამ სიმეონემ იცის ფეხბურთის თამაში არა მარტო ფეხებით, არამედ თავითაც. როცა ადამიანი ჭკვიანია, მაშინვე ახერხებს საკუთარი თავის დამკვიდრებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია. ჯოვანიმ იცის სივრცეებში შეტევა, იცის ბურთის შენარჩუნება, გოლის გატანა და კარიდან ზურგით თამაში. ცხადია, ის ოსიმენზე ნაკლებად სწრაფია, მაგრამ ძალიან რთულია გარშემო ოსიმენზე სწრაფი ფეხბურთელი იპოვო. სიმეონე უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა, მაგრამ ისეთ ჩემპიონთან კონკურენციაში, როგორიც ოსიმენია, იძულებული გავხდი, რომ მისი სათამაშო დრო ძალიან ცოტა ყოფილიყო.

ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ეს არის სამი შედეგის მატჩი, რადგან „მილანი“ მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემი“ დაამარცხა. კარგად ვიცით, რა ძალის წინაშე ვითამაშებთ. ვიცით, მათი შესაძლებლობები და ხარისხი. ეს არის გუნდი, რომელსაც მოკლე პასებითაც და გრძელი პასებითაც სახიფათოდ შეტევა შეუძლია, ასევე კონტრშეტევებზეც სახიფათოა. ჰყავთ ცენტრფორვარდი, რომელიც ბრწყინვალეა საჯარიმოში.

განსაკუთრებით მაინტერესებს ჩემპიონთა ლიგის მატჩები, რადგან ეს ტურნირი ყველასთვის დამატებითი სტიმულია. ჩემი ფეხბურთელებისგან ველოდები ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტს, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური სირთულე გადალახოს.

ნეაპოლის ქუჩებში ლურჯი დროშების ნახვა სიამაყით გვავსებს, მაგრამ ეს მაინც რაღაც არარეალურია, რადგან ისტორია ჯერ არ დაგვიწერია. ვფიქრობთ, მოედანზე და ვიცით, რომ ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია და სანამ არ დაიწერება, სერიოზულად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. არ გვჯერა, რომ რაღაც უკვე მოვიგეთ, არც მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ და არც მომავალ სეზონზე. კონცენტრირებული მხოლოდ იმ თამაშებზე ვართ, რომელიც კონკრეტულ მომენტში გველოდება.

როგორც წესი, სანაკრებო პაუზიდან ფეხბურთელები ხშირად ტრავმირებულები ან დაღლილები ბრუნდებიან. ამაზე გავლენის მოხდენა ჩვენ მცირედით შეგვიძლია, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ ამ დაღლილობას. თუმცა, ეს ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა გუნდში.

იმ დონის ნეაპოლელი გავხდი, რომ ენის შესწავლა მინდოდა, სიტყვების მხოლოდ ნახევარი მესმის, მაგრამ ვმუშაობ და ჩემი მიზანია, ნეაპოლურად ვისაუბრო. ეს შესანიშნავი ქალაქია. თუმცა, ენერგია სხვა ფიქრებზე არ უნდა დავხარჯოთ, მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქალაქი გავახაროთ. ახალი კონტრაქტი? არსებობს ეს შესაძლებლობა, მაგრამ ახლა კონტრაქტი არ მაინტერესებს. ამაზე საუბარი მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს, იგივე ეხება ფეხბურთელების კონტრაქტზე საუბარსაც.

პიოლიმ თქვა, რომ „ნაპოლის“ დამარცხება შეიძლება? ის მართალია, სრულყოფილი და დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლიმ“ ბოლო პერიოდში კარგი გზა გაიარა, შარშან ამ დროს ლიდერს 4-5 ქულით ჩამოვრჩებოდით, დღეს 20 ქულით წინ ვართ, ეს ჩვენი დამსახურებაა და არა მეტოქეების ბრალი. ამიტომ, ამ დამსახურებას ხაზი უნდა გავუსვათ.

ელმასი მარჯვენა ფლანგზე ვათამაშო? მოდი, მე სხვანაირად გიპასუხებთ: თანამედროვე თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, როგორ ითამაშოს. „ატალანტასთან“ გოლის მომენტში კვარამ ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ იმიტომ, რომ მანამდე გუნდმა კარგად იმოქმედა. ჩვენ მათი სახიფათო შეტევა ჩავშალეთ და ორი პასით მეტოქის კართან აღმოვჩნდით. მის უკან გუნდმა დიდი სამუშაო შეასრულა. ზოგჯერ არ არის აუცილებელი შეტევის დასაწყებად ბევრი პასის გაკეთება. თანამედროვე ფეხბურთში მცველმა შეტევა უნდა იცოდეს, ხოლო თავდამსხმელმა დაცვაში თამაში.

ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ითამაშებს? დარწმუნებული ვართ, რომ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, მაგრამ უნდა მოვიცადოთ. თუმცა, ექიმის სიტყვებიდან გამომდინარე თავდაჯერებულები ვართ“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „მილანი“ პირველ წრეში სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხვალინდელი მატჩი კი 22:45 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ეს გუნდები 12-18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

0.11834