"ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო გარკვეული პერიოდით გამოაკლდა. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი იქნება ლაზარეთში ნიგერიელი თავდამსხმელი, მაგრამ ცნობილია, რომ უახლოეს ორ შეხვედრას "მილანისა" და "ლეჩეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
არსებობს ვარაუდი, რომ ვიქტორი 3 კვირა იუქმებს, თუ ასე მოხდა, "ნაპოლის" ის "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ვერცერთ მატჩში, ასევე "იუვენტუსთან" ვერ დაეხმარება. უფრო ნათელი სურათი მომდევნო კვირაში გამოჩნდება, როდესაც ხელახალი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენი "ნაპოლის" სეზონის პირველ ნაწილში შემოდგომაზე ტრავმირებული უკვე ჰყავდა და მის გარეშე ითამაშა. საინტერესოა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო, რომელშიც მოედანზე ვიქტორი არ იყო.
„ნაპოლი“ – „სპეცია“ 1:0
„რეინჯერსი“ – „ნაპოლი“ 0:3
„მილანი“ – „ნაპოლი“ 1:2
„ნაპოლი“ – „ტორინო“ 3:1
„აიაქსი“ – „ნაპოლი“ 1:6
„კრემონეზე“ – „ნაპოლი“ 1:4
„ნაპოლი“ – „რეინჯერსი“ 3:0
როგორც ხედავთ, 7 მატჩი და 7-ვე გამარჯვება. სპალეტის გუნდმა ხსენებულ შეხვედრებში 23 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ოსიმენის გარეშე ნეაპოლელებმა "მილანი" მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენის აქტივში მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 25 გოლია. "ნაპოლი" 2 აპრილს, საკუთარ მოედანზე "მილანს" დაუპირისპირდება.