სალონიკის პაოკ-ის ფეხბურთელმა ომარ ელ კადურიმ, რომელიც 2012-2017 წლებში „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, კვარას ჯერ კიდევ შეუძლია მომატება და თანამედროვე ფეხბურთელისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს.
„ის საოცრად მონდომებულია და ეს ფუნდამენტური თვისებაა. ტექნიკურად საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელია, ერთი-ერთზე თამაშსა და დარტყმაში კი უკონკურენტოა. მას თითქმის ყველაფერი აქვს თანამედროვე ფეხბურთელისთვის და ძალიან ახალგაზრდაა, შესაბამისად, ჯერ კიდევ შეუძლია გაზრდა. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება და წარმოუდგენელ რაღაცებს გააკეთებს. ცხადია, სკუდეტოს მოგება მთელ გუნდს ეკისრება, მაგრამ კვარამ და ოსიმენმა ბალანსი შეცვალეს. ეს ორი რომ შევადარო წვლილის მხრივ, 51%-ს ვიქტორს მივანიჭებდი, მიუხედავად იმისა, რომ კვარა მირჩევნია. თუმცა, ნიგერიელი ძალიან გაიზარდა, ამიტომ მივანიჭებდი მას დამატებით პროცენტულ ქულას. „ნაპოლის“ 9 და 77 ნომრები ძვირფასი ყელსაბამები არიან“, - თქვა ელ კადურიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.