ევროლიგის 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად თურქულ „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა. იტალიელებმა სტამბოლელებს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 67:86 დამარცხდნენ.
მხოლოდ პირველ პერიოდში იყო ბრძოლა, რომელიც ფრედ, 13:13 დასრულდა, შემდეგ კი თურქებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და იმარჯვეს.
შენგელიამ 17:37 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, შედეგად 13 მოგებით და 19 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. იტალიელები მომდევნო ტურში 6 აპრილს, „ვალენსიას“ სტუმრად შეხვდებიან.