საქართველოსა და ნორვეგიის მატჩს (1:1) იტალიური მედიაც გამოეხმაურა. უფრო კონკრეტულად კი, ნეაპოლურმა ვებგვერდმა Area Napoli-მ გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილზე დაწერა.
სწორედ ეს ორი მოთამაშე გამოარჩია აღნიშნულმა გამოცემამ და წერს, რომ სკაუტებმა მათი გვარები ჩაინიშნეს.
„გასაოცარია იმაზე ფიქრი, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეიძლება ტალანტების კერა იყოს. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი წინსვლაა. „დინამო თბილისი“ და „დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონატის ორი მთავარი საცნობარო გუნდია. სწორედ ამ კლუბებიდან იწყებენ კარიერას ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები, ისევე, როგორც მაგალითად, „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ან ვარსკვლავი შოთა არველაძე. მაგრამ ახლაც, საკმაოდ ბევრი ტალანტი ჰყავთ. მართლაც, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი აქვს.
რომ აღარაფერი ვთქვათ ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ნაპოლიში“ მან გასაოცარი გავლენა მოახდინა და საქართველოს ლიდერია. „ჯვაროსნებმა“ ამ საერთაშორისო ფანჯარაში ამხანაგური მატჩი ითამაშეს მონღოლეთთან და შემდეგ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიასთან. კვარას გარდა, კიდევ ორმა მოთამაშე გაგაკვირვა: გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველი 22 წლისაა, გოლის ავტორი. თუმცა, მეორემ თავისი დრიბლინგებით მეტოქის ნახევარდაცვაში პანიკა დათესა. ისიც ახალგაზრდაა, 2001 წელს დაბადებული. ორივე თამაშობს საფრანგეთის ლიგა 2-ში.
მიქაუტაძე „მეცში“ თამაშობს და 14 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირია. დავითაშვილი თავისი ტექნიკური უნარებით „ბორდოს“ ლიგა 1-ში აბრუნებს. სკაუტებმა მათი გვარები ჩაინიშნეს და შესაძლოა, „ნაპოლიც“ იყოს მათ კვალზე“, - წერს Area Napoli.