პრემიერლიგის ლეგენდარული მწვრთნელები, სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ისინი პირველი მწვრთნელები არიან, რომელთაც ეს მიღწევა დაიმსახურეს.
81 წლის სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელია 13 ლიგის ტიტულით. არსენ ვენგერმა მისი 22-წლიანი მწვრთნელობის დროს „არსენალთან“ ერთად 3 ტიტული მოიპოვა, მათ შორის 1 ოქროს პრემიერლიგა, როდესაც გუნდმა არცერთი შეხვედრა არ წააგო.
„დიდი პატივია, როდესაც ასეთ დაფასებას იღებ, თუმცა ეს მხოლოდ მე არ მეხება. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და იმ კავშირის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამდენი წლის განმავლობაში მაკავშირებდა. ძალაინ ვამაყობ გუნდით, სტაფით და მოთამაშეებით“ - განაცხადა ფერგიუსონმა.
„მიხარია, რომ ისეთ ადამიანად მიცნობენ, რომელსაც „არსენალი“ ძალიან უყვარდა. ვინც პატივს სცემდა კლუბის ღირებულებებს და იმ მომენტში დატოვა გუნდი, როდესაც მას გაზრდა და მეტად განვითარება შეეძლო“ - ეს კი არსენ ვენგერის სიტყვებია.
ინგლისის პრემიერლიგამ დიდების დარბაზი 2021 წელს ჩამოაყალიბა. მისი პირველი წევრები დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, ერიკ კანტონა, ტიერი ანრი, როი კინი, ფრენკ ლემპარდი, სტივენ ჯერარდი და ალან შირერი იყვნენ.
გასულ წელს დარბაზს ისეთი ფეხბურთელები დაემატნენ, როგორებიც სერხიო აგუერო, დიდიე დროგბა, ვენსან კომპანი, უეინ რუნი, პიტერ შმეიხელი, პოლ სქოულზი, პატრიკ ვიეირა და იან ვრაითი იყვნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი პირველი მწვრთნელები არიან, რომელთაც ეს ჯილდო მიიღეს.