ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Marca-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ილაპარაკა. ლეგენდარული სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია წარმატების მიღწევა.
„ნაპოლის“ შეუძლია ფინალში გასვლა, რადგან გამოცდილი მწვრთნელი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. ოსიმენი და კვარაცხელია არის ორი ფეხბურთელი, რომლებიც განსხვავებას ქმნიან. ერთს ბევრი თვისება და დიდი ხარისხი აქვს, მეორე ბევრს იბრძვის და თავით შთამბეჭდავად თამაშობს.
„ნაპოლიმ“ ჯერჯერობით ყველა თამაში იოლად მოიგო, არა მარტო იტალიაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც, მათ ჯგუფში „ლივერპულს“ აჯობეს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი“, - განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო იტალიის სერია A-ში უახლოეს მდევარ რომის „ლაციოს“ 19 ქულით უსწრებს.