ძიუდო

14:47 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი ძიუდოისტი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

თბილისის გრანდ სლემის ორმა საშეჯიბრო დღემ საქართველოსთვის არცთუ შედეგიანად ჩაიარა, მაგრამ ბოლო საშეჯიბრო დღე შესანიშნავად მიმდინარეობს - ოთხი ქართველი ფინალშია, 90 კგ წონით კატეგორიაში კი სულაც ქართული ფინალი შედგება.

90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კანადელი ლუის კრიებერი, იაპონელი გოკი ტაჯიმა და ბერძენი თეოდოროს ცელიდის დაამარცხა, ფინალში კი ლუკა მაისურაძეს გაეჯიბრება. თავის მხრივ მაისურაძემ ემირატების სახელით მოასპარეზე არამ გრიგორიანს, ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს და თურქ მიხაელ ზგანკს მოუგო, ხოლო ფინალში, როგორც ვთქვით, ლაშა ბექაურს შეხვდება.

90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილმა ბულგარემ ივაილო ივანოვს აჯობა, მაგრამ მერე ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც იაპონელ გოკი ტაჯიმასთან დამარცხდა, შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლება ვერ მიიღო. უშანგი მარგიანმა კი პირველი წრეში თურქ მიხაელ ზგანკთან განიცადა მარცხი.

ფინალშია 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ჩილელი ტომას ბრისენო, ჩეხი მარტინ ბეზდეკი და ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდება.

ასევე 100 კგ-ში პირველივე შეხვედრები წააგეს გიორგი ბერიაშვილმა (ხორვატ მარკო კუმრიჩთან), მიხეილ ჯაფარიძემ (ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან) და ონისე სანებლიძემ (ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან).

+100 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია გელა ზაალიშვილი, რომელმაც გერმანელი ლოსენი კონე, უზბეკი შოხრუხონ ბახტიროვი და კუბელი ენდი გრანადა დაამარცხა. ფინალში გელას მეტოქე თურქი მუნირ ერტუგი იქნება, რომელმაც გურამ თუშიშვილი გამოთიშა ასპარეზობას.

ამასთან, +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა საწყის წრეში ლიეტუველ იგნას მეჩაიუსთან მოიგო, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ დჟამალ გამზატხანოვთან ვერაფერს გახდა და ასპარეზობა დაასრულა. ასევე მეორე წრეში წააგეს თავიანთი პირველი შეხვედრები გურამ თუშიშვილმა (თურქ მუნირ ერტუგთან) და საბა ინანეიშვილმა (სამხრეთკორეელ სეუნგიეობ ლისთან), შესაბამისად, მედლებისთვის ვერ იბრძოლეს.

ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში ლიეტუველი სანდრა იაბლონსკიტე დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში რაზ ჰერშკოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე 2 მედალი აქვს მოპოვებული, გიორგი სარდალაშვილის ვერცხლი და ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო. თუმცა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ მონაგარი გაიზრდება, რადგან 3 წონით კატეგორიაში 4 ქართველი ფინალშია, რაც უარეს შემთხვევაში 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლის ტოლფასია.

0.116056