ფეხბურთი

1:53 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოსელუ და ნორვეგია

ნორვეგია თითქმის ბოლომდე მედგრად იდგა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა ესპანეთთან, მაგრამ ბოლო წუთებზე ოდნავ მოდუნდა და ორ წუთში ორი გოლი გაუშვა. შედეგად, ევრო 2024-ის A შესარჩევ ჯგუფში ესპანეთი და შოტლანდია გალიდერდნენ. ორივემ იდენტური ანგარიშით - 3:0 გაიმარჯვა. კვიპროსი და ნორვეგია უქულოდ დარჩნენ, საქართველო კი თავის ციკლს 28 მარტს დაიწყებს ბათუმში ნორვეგიელების წინააღმდეგ.

თავიდან ესპანელები უფრო აქტურები იყვნენ და ანგარიშიც ლოგიკურად გახსნეს: მე-13 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაცია ალეხანდრო ბალდეს გამჭოლი გადაცემით და დანი ოლმოს გოლით დამთავრდა. მაშინვე სტუმარ ნორვეგიელებს შეეძლოთ გათანაბრება, როცა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მასპინძელი მცველები შეცდნენ, მაგრამ მარტინ ედეგორმა იმავე ბალდეს მოარტყა ბურთი.

ცხადია, ამ სიტუაციაში ნორვეგიელების სათამაშო ფორმა უფრო გვაინტერესებს, სამ დღეში ხომ ბათუმში გვეწვევიან. უნდა ითქვას, რომ ბევრი არ დაუთმიათ მრისხანე მასპინძლებისთვის, რომლებსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე ჰყავთ, თუმცა წინამორბედის, ლუის ენრიკეს ფორმაციის გუნდი დიდად არ შეცვლილა და ეს გასაკვირი არც არის.

არ დაუთმიათო ვთქვით, თუმცა ეს 84-ე წუთამდე... სანამ ესპანელთა რიგებში 32 წლის დებიუტანტი, ხოსელუ გამოჩნდებოდა. დებიუტიც ასეთი უნდა: „ესპანიოლის“ ფორვარდმა მინდორზე გამოსვლიდან სამი წუთის ინტერვალში დუბლი მიითვალა და ყოველგვარი კითხვა მოხსნა - 3:0.

ეგ არის, მანამდე იყო მომენტი, როცა სტუმარმა ალეკსანდერ სორლოტმა საჯარიმოს გარედან ოდნავ ააცილა ბურთი შორეულ „ცხრიანს.“ ვინ იცის, ის გოლი რომ გასულიყო, როგორ დამთავრდებოდა თამაში.

25 მარტი. მალაგა. „ლა როსალედა“

ესპანეთი - ნორვეგია 3:0

1:0 ოლმო (13), 2:0, 3:0 ხოსელუ (84, 85)

ესპანეთი: კეპა, კარვახალი, ნაჩო, ლაპორტი, ბალდე, როდრი, მერინო (რუისი 82), ოლმო (პინო 68), ასპასი (სებალიოსი 58), გავი (ოიარსაბალი 58), მორატა (ხოსელუ 81)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

ნორვეგია: ნიულანი, პედერსენი (რიერსონი 75), სტრანბერგი, ესტიგორი, მელინგი (ბიორკანი 75), ედეგორი, ბერგი, ეურსენსი, ბერგე (ოლა სოლბაკენი 74), სორლოტი (ბრიუნჰილდსენი 87), ელიუნუსი (ლარსენი 74)

მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი

მსაჯი: ბენუა ბასტიენი

გაფრთხილება: ედეგორი (42), სორლოტი (52)

0.124261