ძიუდო

15:20 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემი: სარდალაშვილი ოქროსთვის, მარგველაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

დღეს სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომელშიც ასპარეზობა 5 წონით კატეგორიაში გაიმართა და მედლისთვის ორი ქართველი იბრძვის: გიორგი სარდალაშვილი ფინალშია, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ტატამიზე ბრინჯაოსთვის გავა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მონღოლი ცოგტ-ოჩირ ბიამბაიავი, ყაზახი მაჯან შამშადინი და უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს შეხვდება.

ამავე წონაში ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს თემურ ნოზაძემ და საბა გრიგალაშვილმა, რომლებმაც პირველივე შეხვედრებში მარცხი განიცადეს. ლუხუმ ჩხვიამიანი რეპეშაჟამდე მივიდა, მაგრამ მედლის ბრძოლის შანსი მანაც დაკარგა.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც ფილიპინელი შუგენ ნაკანო, ლატვიელი ანტონი დე ანჯელისი და ყაზახი გუსმან კირგიზბაიევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყირგიზ კუბანიჩბეკ აიბეკ უულუსთან მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ მატეო პირასს გაეჯიბრება.

ამავე წონაში ასპარეზობდნენ ლაშა ნადირაძე და იპოლიტე აქუბარდია, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს, რადგან მეორე წრეში დამარცხდნენ, ხოლო გიორგი თუთაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა და ასპარეზობას დაემშვიდობა.

ქალთა შორის, 48 კგ წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძემ პირველივე ბრძოლა დათმო სერბ მილიცა ნიკოლოჩთან და გამოსვლა დაასრულა.

52 კგ წონით კატეგორიაში სამმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად: მარიამ ფოცხვერაშვილი, ელენე წიკლაური და მარი მახარაშვილი უმედლოდ დარჩნენ.

57 კგ წონით კატეგორიაში ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დარჩნენ უმედლოდ. ვერცერთმა მათგანმა ერთზე მეტი შეხვედრა ვერ მოიგო. ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც დიდ ბრიტანელ ნეკოდა სმით-დევისთან მარცხი განიცადა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

0.119901