„სან ანტონიო სპურის“ კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა თავისი ყოფილი გუნდის, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა (94:130). ქართველმა მოთამაშემ, რომელმაც 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიოს ყველაზე ცივი ადგილიდან ყველაზე თბილამდე მივედი. მილუოკიში გარეთ გასვლაც არ მინდოდა. როცა ვინმე გაძლევს შანსს, გინდა, რომ გამოიყენო. მე მქონდა ეს შესაძლებლობა გავსულიყავი პარკეტზე და მეთამაშა თავისუფლად, დამეშვა შეცდომები და ამაზე მესწავლა, მეთამაშა ბიჭებთან ერთად. ეს კარგი შესაძლებლობაა, ვაჩვენო რისი გაკეთებაც შემიძლია. ამიტომ, მადლობელი ვარ და მიხარია.
მიყვარს „მილუოკი, სწორედ იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები, მათ ჩემი ოცნება აახდინეს. დრაფტზე ამიყვანეს და მომცეს საშუალება, რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშეების გვერდით ვყოფილიყავი“, - თქვა მამუკელაშვილმა.
ქართველ კალათბურთელზე კომენტარი გააკეთა „სან ანტონიოს“ მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმაც: „სანდროში ყველაფერი მომწონს. თუმცა, ხანდახან დამშვიდებისკენ მოვუწოდებ, რადგან ზედმეტად დაძაბულია. კარგი იუმორით გამოირჩევა და მასთან ერთად გატარებული დრო სასიამოვნოა, ამას რომ ვამბობ, ნამდვილად არ ვაჭარბებ“.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ხოლო „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საშუალოდ თამაშში 9.1 ქულას, 6.3 მოხსნა და 1.9 პასს აგროვებს.