ავტოსპორტი

22:25 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს მესამე ადგილი დაუბრუნდა

საუდის არაბეთის დიდი პრიზის სტიუარდთა გადაწყვეტილებით, ფერნანდო ალონსოს მესამე ადგილი დაუბრუნდა. ამგვარად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, ეს კარიერაში მე-100 კვარცხლბეკია. ამასთან, მან „ასტონ მარტინს“ ზედიზედ მეორედ მოუპოვა მესამე ადგილი.

41 წლის ესპანელმა ჯედაში რბოლა მესამემ დაასრულა. მაგრამ სტიუარდებმა ჩათვალეს, რომ სტარტის წესების დარღვევისთვის გამოწერილი 5-წამიანი ჯარიმა მან არასწორად მოიხადა. ამიტომ, რბოლის შემდეგ, მის დროს 10 წამი დაუმატეს. ამის გამო, ალონსომ მეოთხეზე გადაინაცვლა, მისი მესამე ადგილი კი ჯორჯ რასელს მიეკუთვნა.

„საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ჩვენ მეორე კვარცხლბეკი მოვიპოვეთ, რითაც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი ვიყოთ. რბოლის დროს კარგი სიჩქარე გვაქვს“, - განაცხადა ალონსომ.

ხელმეორე განხილვისას, სტიუარდებმა დაადგინეს, რომ შვიდ სხვა შემთხვევაში, ანალოგიურ სიტუაციებში მრბოლები არ დაჯარიმებულან. შესაბამისად, ალონსოს დაჯარიმება უსამართლო იყო.

საქმე ისაა, რომ ჯარიმის მოხდისას, ავტომობილი ჰაერში უნდა იყოს აწეული და თუ ის გზას შეეხო, ითვლება, რომ ჯარიმის დრო დაირღვა. ასეთ წესებზე, გუნდები და FIA არიან შეთანხმებული, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ზუსტად შესრულებით, თავს აქამდე არავინ იწუხებდა. ამიტომ, ამ მიზეზით ალონსოსთვის მესამე ადგილის წართმევა, უსამართლობა იქნებოდა.

0.121703