ჩოგბურთი

21:28 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა ინდიან ველსი მოიგო და რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა კარლოს ალკარასმა, რუსი დანიილ მედვედევი 6-3, 6-2 დაამარცხა და ინდიან ველსის ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით, მან მედვედევს 18-თამაშიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.

ტურნირზე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში, ესპანელს ერთი სეტიც კი არ წაუგია. კალიფორნიის უდაბნოში ტრიუმფი, მას დამატებით თავდაჯერებას შესძენს მაიამის მასტერსზე თამაშისას. იქ ის მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს.

„შესანიშნავად ვთამაშობ. რა თქმა უნდა, დღეს საკმაოდ რთულ პირობებში ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, დანიილი მისთვის ჩვეულ ფორმაში არ იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა იმის იმედი მაქვს, რომ მაიამიშიც ასევე კარგად ვითამაშებ“, - განაცხადა ალკარასმა.

ალკარასმაც და მედვედევმაც ინდიან ველსის ფინალში პირველად ითამაშეს. ესპანელმა შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს და 2-0 დაწინაურდა. პირველ სეტში, მან თავის მოწოდებაზე მხოლოდ ექვსი ქულა დათმო და ის 36 წუთში მოიგო.

მეხუთე ნომრად განთესილ რუსს ამ სეზონში როტერდამის, დოჰას და დუბაის ტურნირები აქვს მოგებული და მეოთხის დამატებასაც ცდილობდა, მაგრამ მეტოქის შესანიშნავ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა.

მეორე სეტის დასაწყისში, ალკარასმა პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს და თან ისე, რომ ერთი ქულაც არ დაუთმია. თავის მოწოდებაზე, მომდევნო გეიმიც მშრალად მოიგო და ისევ 2-0 დაწინაურდა. ალკარასმა ამის შემდგაც გააგრძელა მეტოქის განადგურება და მომდევნო ორი გეიმიც მოიგო. საბოლოოდ, შეხვედრის მოსაგებად მან 70 წუთი იმყოფინა.

0.106218