საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „რუენს“ დაუპირისპირდა და ქართველის კარგი თამაშის დახმარებით, მეტოქე 1:2 დაამარცხა.
მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 72-ე წუთზე მაზიზმა ანგარიში გახსნა, მე-80 წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ მაიგას საგოლე გადაცემა გაუკეთა, რითაც „მეცის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
„რუენმა“ მატჩის ბოლოს გაიბრძოლა და 90-ე წუთზე კამარას გოლით სხვაობაც შეამცირა, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო და მატჩი „მეცის“ გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდგომ, „მეცს“ 48 ქულა დაუგროვდა და მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი უკვე სანაკრებო პაუზის შემდგომ, 4 აპრილს, „ლავალის“ წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება მნიშვნელოვან შეხვედრაში.
დღესვე ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „ბორდომაც“, რომელმაც „ნიმი“ 1:0 დაამარცხა და 50 ქულით ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. დავითაშვილმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა ის 67-ე წუთზე შეცვალეს, ისე, რომ თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია. ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული ზურიკო დავითაშვილიც.