ფეხბურთი

20:28 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში “დინამო თბილისმა“ პირველი ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მესამე შეხვედრა თელავში, „კავკასიონ არენაზე“ გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „დინამო თბილისი“ მიიღო და ფავორიტს ქულებიც აართვა.



მიმდინარე გათამაშებას „დინამო“ 4-დან 4 მოგებით დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა თელავში გამართულმა შეხვედრამ, რომელიც საბოლოოდ, 2:2 დასრულდა, მათ პირველი ქულები დააკარგინა.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-15 წუთზე გაბრიელ სიგუამ უკვე მე-3 გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში. 20 წუთში უსმანე კამარამ დინამოელთა უპირატესობა ორბურთიანი და ერთი შეხედვით, კომფორტული გახადა.

„თელავმა“ ყურები არ ჩამოყარა და მალევე, 44-ე წუთზე საბა ფირანაშვილმა სხვაობა შეამცირა. ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა მასპინძლები შეაგულიანა და მეორე ტაიმში უფრო გააქტიურა, რასაც 66-ე წუთზე იმედა აშორტიას გოლიც მოჰყვა.

დარჩენილ დროში დინამოელები ბევრს ეცადნენ გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამრიგად, ეროვნულ ლიგას 13 ქულით კვლავ „დინამო თბილისი“ ლიდერობს, თუმცა ამდენივე ქულა აქვს „დინამო ბათუმსაც“. „თელავმა“ მე-5 ქულა მოიპოვა და მე-6 ადგილზე იმყოფება.

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ორი შეხვედრა დარჩა გასამართი. ამ მომენტისთვის გორში „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ მასპინძლობს. ხვალ, 19 მარტს, კი წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.

0.11538