კალათბურთი

10:22 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა: "სან ანტონიო" "მემფისთან" ოვერტაიმში დამარცხდა (+VIDEO)

"სან ანტონიო სპურსი" უკვე ზედიზედ მეორე მატჩია ოვერტაიმში მარცხდება. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 2 დღის წინ დალასში, შეხვედრა დამატებით დროში დათმო, დღეს კი შინ "მემფისთან" 6-ქულიანი სხვაობით 120:126 წააგო.

სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ ითამაშა და ხმაურიანი სტატისტიკური მაჩვენებელიც დააფიქსირა.ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში 14 მოხსნა მიითვალა. ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდში ყველაზე მეტი – 8 მოხსნა ზაკ კოლინსს ჰქონდა, ხოლო "მემფისში" მაქსიმალური შედეგი 10 მოხსნა იყო, რომელიც ტაირონ ჯონსმა დააფიქსირა. 14 მოხსნა მამუკელაშვილის პროფესიულ კარიერაში უმაღლესი შედეგია. აქამდე მისი რეკორდული მაჩვენებელი 1 მოხსნით გააუმჯობესა, რომელიც მან წინა სეზონში, "მილუოკიში" თამაშის დროს, "კლივლენდის" წინააღმდეგ დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სან ანტონიო 106:96 დააწინაურა. ქართველი ფორვარდი საფინალო სირენამდე 2:05 წუთით ადრე მოედნიდან გავიდა, რა დროსაც მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. დარჩენილ 2 წუთში "მემფისელებმა" ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა. "სან ანტონიომ" დამატებითი დრო 11:17 დათმო და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

მამუკელაშვილმა მე-4 პერიოდში 7:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მთლიანობაში, მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში სანდროს მონაგარი 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო. საქართველოს ნაკრების წევრი არ დაჯარიმებულა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მამუკელაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

"სან ანტონიოელთაგან" 25 ქულით საუკეთესო დევინ ვასელი გამოდგა, ზაკ კოლინსმა 24 ქულა მიითვალა, კელდონ ჯონსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.

გამარჯვებულთაგან კი ჯარენ ჯექსონი 28 ქულით, 5 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. "მემფის გრიზლის" 26 წლის კალათბურთელმა ტიუს ჯონსმა კი 20 ქულით, 10 მოხსნით და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა.

პოპოვიჩის გუნდს 18 გამარჯვება და 52 მარცხი აქვს, მორიგ მატჩს 19 მარტს, კვლავ შინაურ არენაზე, ამჯერად "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს. "მემფისი კი 42 მოგებითა და 27 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზე იმყოფება, 19 მარტს კი "გოლდენ სტეიტ უორიორზს" დაუპირისპირდება.

0.116001