„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა „აინტრახტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს, მთავარი მიზნების მიღწევაა.
ნიგერიელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ „ნაპოლისთვის“ შეუძლებელი არაფერია, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც.
„ფანტასტიკური საღამო იყო, რომელმაც „ნაპოლის“ ისტორია დაწერა. დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გუნდი იმსახურებს შექებას იმის გამო, როგორც ვითამაშეთ. გოლები გავიტანე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, რადგან ვფიქრობთ, როგორც გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც მოედანზე გადის იმისთვის, რომ მაქსიმუმი მივიღოთ შედეგისა და საბოლოო მიზნისთვის. ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ, ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლა. გვაქვს ის, რაც საჭიროა მწვერვალამდე მისასვლელად, შეუძლებელი არაფერია“, - თქვა ოსიმენმა.
„აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც ისაუბრა:
„ბედნიერები ვართ, რომ „ნაპოლის“ ისტორიის ერთი გვერდი დავწერეთ. ვტკბებით ამ კვალიფიკაციით და უკვე ვფიქრობთ მომავალ მატჩებზე. ჩვენმა გზამ აჩვენა, რომ ევროპის 8 საუკეთესო გუნდში ყოფნას ვიმსახურებთ, ეს არის დიდი კმაყოფილება, რაც საამაყოა. მეტოქე? ყველა გუნდი უმაღლესი დონისაა და ვეცდებით, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ჩვენი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. თუ ამ ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ხარისხი, რომ ყველასთან ვითამაშოთ. ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ და მერე ვნახავთ სად მივალთ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში, მისი მეტოქე კი 17 მარტს გაირკვევა. ლუჩანო სპალეტის გუნდს წილისყრით ტურნირზე შემორჩენილ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მოუწიოს დაპირისპირება.