ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია და ახლა ყველა წილისყრის მოლოდინშია, რომელიც 17 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
მეოთხედფინალური ეტაპიდან წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს: ამრიგად, შესაძლებელია, როგორც ერთი ქვეყნის წარმომადგენლების, ისე ჯგუფში ერთად ნათამაშები გუნდების დაპირისპირება.
რვა მეოთხედფინალისტიდან 3 იტალიური კლუბია, სხვათა შორის, 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად: „ნაპოლი“, „მილანი“ და „ინტერი“. ორი ინგლისური გუნდია: „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“. გერმანია („ბაიერნი“), პორტუგალია („ბენფიკა“) და ესპანეთი („რეალი“) თითო გუნდით შემორჩნენ მთავარ საკლუბო ტურნირს.
ამრიგად, საკმაოდ მაღალი შანსია, მეოთხედფინალში იტალიური დუელი შედგეს. 2006 წელს, როცა 3 იტალიური გუნდი იყო ამ ეტაპზე, მაშინ ასეც მოხდა, „მილანი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. ეს გუნდები 2002-2003 წლების სეზონში ნახევარფინალშიც შეხვდნენ. იტალიური დუელი ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ ფინალში იყო - 2003 წელს, „მილანი“ – „იუვენტუსი“.
თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის გუნდები არ დაწყვილდნენ, ვნახოთ. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, ვინ ერგება მეტოქედ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“, რომელიც დიდებულ ფორმაშია. სხვათა შორის, ამავე წილისყრაზე დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში. ცნობილი იქნება, რომ კონკრეტულ მეოთხედფინალურ წყვილში გამარჯვებული კონკრეტულ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება.