ფეხბურთი

2:51 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება: "კვარაცხელია "აინტრახტის" დაცვისთვის ტკივილი იყო"

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „ნაპოლიმ“ „აინტრახტს“ 3:0 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი ვერ მიითვალა, მაგრამ ორ გოლში აქტიურად მონაწილეობდა, სამჯერ კი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური მედიისგან ამჯერადაც დადებითი შეფასებები და გამოხმაურება დაიმსახურა.

Eurosport 6.5 ქულა: „როგორც კი ინთება, „აინტრახტის“ დაცვისთვის ტკივილია. ჩვეულებრივზე ნაკლებად დომინანტური, მაგრამ როდესაც ბურთს ეხება, გუნდი ყოველთვის იცვლება“.

Calciomercato.it 7.5 ქულა: „ის გერმანელთა დაცვას განაიარაღებს, ისე შედის სივრცეებში, როგორც სურს. ტრაპმა რამდენჯერმე წარმოუდგენლად აჯობა, მაგრამ ორ გოლი მან დახატა“.

Calcioneapoli1926 7 ქულა: „მხოლოდ ტრაპმა წაართვა გოლის გატანის სიხარული: ჯერ პერსონალური შეტევა მე-18 წუთზე, შემდეგ 42-ე და მე-60 წუთებზე გერმანელმა მეკარემ კიდევ ორჯერ უარყო მისი სიხარული. ოსიმენის გოლში მეტოქის დაცვა მან დაშალა“.

Tuttonapoli 7 ქულა: „გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ რამდენჯერმე ახლოს იყო. რამდენიმე ეპიზოდში შეტევის დასაწყებად მისი ქმედებები ძალიან ძვირფასი იყო. ტრაპმა პირველ ტაიმში ფეხით აჯობა, მეორე ნახევარში კი ხელით. მოედნიდან გასვლისას ოვაციები დაიმსახურა“.

Sportmediaset 7 ქულა: „ყველანაირად ცდილობს გოლის გატანას, მაგრამ ყოველთვის დიდებული ტრაპის წინააღმდეგ ხვდება. როდესაც ის აჩქარებას აკეთებს, „აინტრახტის“ დაცვას პრობლემები ექმნება“.

Calciomercato.com 6.5 ქულა: „როდესაც მეტოქეს უტევს, ყოველთვის ისეთი შეგრძნებაა, რომ რაღაც უნდა მოხდეს. რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ტრაპი ყოჩაღობდა“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 19 მარტს, სტუმრად "ტორინოსთან" ჩაატარებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება და კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩები ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

0.106765