ავტოსპორტი

1:06 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი სტარტზე 10 ადგილით დაჯარიმდება

„ფერარის“ შარლ ლეკლერს, საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, 10 ადგილით უკან დაწევა მოუწევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მის მანქანაზე ძალური დანადგარის მართვის სისტემის ზედიზედ მეორედ გამოცვლა გახდა საჭირო. ეს ინფორმაცია იტალიური გუნდის შეფმა, ფრედ ვასერმა გაავრცელა.

მონაკოელი პილოტი ბაჰრეინში სეზონის პირველ რბოლას სწორედ ძალური დანადგარის მართვის სისტემის დაზიანების გამო გამოეთიშა. ეს სისტემა მის მანქანაზე რბოლის წინაც შეცვალეს. არადა, თითო პილოტზე სეზონის განმავლობაში, მხოლოდ ორი სისტემის გამოყენებაა ნებადართული. სწორედ ამ ლიმიტის გადაცილებისთვის, ლეკლერი სტარტზე 10 ადგილით ჯარიმდება.

„სამწუხაროდ, მართვის სისტემა უკვე ორჯერ დაზიანდა, რასაც არ ველოდით, რადგან ადრე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდით, მაგრამ ჯედაში ამის გამო, სტარტზე 10 ადგილით უკან დაწევა მოგვიწევს“, - განაცხადა ვასერმა.

გასულ სეზონში, ლეკლერმა ჯედას რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. იქაური ტრასის კონფიგურაცია მარანელოელთა მანქანას უკეთ მიესადაგება, რადგან „ფერარი“ სწორზე მაღალი სიჩქარით გამოირჩევა.

0.112049