„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო ბელუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველს გაუმართლა, რომ ლუჩანო სპალეტისთან მოხვდა.
ბელუჩი ფიქრობს, რომ სპალეტისა და კვარაცხელიას დუეტი იდეალური ნაზავია:
„მარადონასთვის შესაფერისი გოლი გაიტანა, მაგრამ დიეგოსთან მისი შედარება არასწორი და უსამართლოა. მას აქვს ჩემპიონის სტიგმატები, თავისი მოძრაობებით და დრიბლინგებით ჯორჯ ბესტს მაგონებს. „ატალანტასთან“ გოლი იყო მისი თვისებების ნაზავი. მან აჩვენა სიცხადე და სიძლიერე. ქართველი შეტევის დასაწყისიდანვე კონცენტრირებული იყო გოლის გატანაზე და არა გულშემატკივართა მხრიდან ტაშის მიღებაზე. დი მარიაც კი, ხშირად თავის დრიბლინგებს კარში დარტყმით ვერ ასრულებს, თორემ ის მესი გახდებოდა. კვარას მომატების დიდი პოტენციალი აქვს, მას გაუმართლა, რომ ისეთ დიდებულ მწვრთნელს შეხვდა, როგორიც სპალეტია, რომელიც მას ზრდაში ეხმარება. სპალეტი-კვარაცხელიას ნაზავი იდეალურია. სპალეტი მას დიდ მოტივაციას აძლევს, რადგან იცის, რომ შეუძლია თამაშის დროს ნებისმიერ დროს გაბრწყინება. სწორედ ეს მოხდა „აინტრახტთან“ პირველ შეხვედრაში, როდესაც გაცუდებული პენალტის შემდეგ ქუსლით საგოლე პასი გააკეთა“, - თქვა ბელუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.