„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა, ყოფილმა მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და საფეხბურთო ექსპერტებმა ისაუბრეს.
უფრო კონკრეტულად მათ დიეგო მარადონასთან შედარებასა და ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე გააკეთეს. გასაკვირი არაა, რომ აზრი ორად გაიყო: ერთი მხარე ეთანხმება შედარებასაც და 10 ნომრის გადაცემასაც, მეორე ნაწილი კი - არა.
ოტავიო ბიანკი („ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი): „ყოჩაღ მას, ვინც კვარაცხელია იყიდა. თუმცა, ჩემი აზრით, დიეგო მარადონასთან მისი შედარება არ შეიძლება. ის ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება თუ არა, შედარება არგენტინელთან. ყველას თავისი მახასიათებლები აქვს, შედარებების გაკეთებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. ქართველმა ამ დონეზე თამაში ახლახან დაიწყო, თუნდაც ფანტასტიკურად, მაგრამ გირჩევთ, რომ წნეხში არ მოაქციოთ, არ თქვათ, რომ მარადონა ან პელეა. 10 ნომერი? შევეშვათ, რატომ არ ტკბებით ამ ისტორიული მომენტით?“.
ბეპე ბრუსკოლოტი („ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი): „ბიჭი წარმოუდგენლად ნიჭიერია, მაგრამ დიეგოსთან შედარება ჯერ ადრეა. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან კიდევ არაერთ ლამაზ გოლს ვნახავთ კვარას შესრულებით, მაგრამ დიეგო დიეგოა. ის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონი, არამედ გუნდის ლიდერიც იყო. თუმცა, მომწონს კვარას გზა, ყოველთვის თამაშის ცენტრშია და ყოველთვის სურს ბურთი ჰქონდეს“.
სალვატორე ბანი („ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი): „მე მას 10 ნომერს მივცემდი. ეს დიეგოს დიდი სურვილიც იქნებოდა, ის ამით იამაყებდა. ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მარადონას ღირსეული მემკვიდრეა. რა თქმა უნდა, ის ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელს ვერ გაუტოლდება, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელები, მაგრამ მისი თამაშის სილამაზე, მისი ელეგანტურობა ასეთ აღიარებას იმსახურებს. დიეგო არ გაბრაზდებოდა მისთვის 10 ნომერი რომ მიეცათ. კვარა ფენომენალურია, მაგრამ შედარებებით ფეხბურთელის გაფუჭების საფრთხეც არსებობს“.
პიეტრო ლო მონაკო (სპორტული მენეჯერი): „მარადონას გოლები სხვა რაღაც იყო, სხვა დონე. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას გოლი აერთიანებს ძალას, ტექნიკას და მონდომებას. მისი მოძრაობებით იმ მომენტში ყველაზე მეტად დიეგო მილიტო გამახსენდა. კვარა ხალისით თამაშობს, ყოველთვის ცდილობს სიამოვნების მიღებას და უბრალოდ არასდროს მოქმედებს. მისი გოლის მარადონასთან შედარება არ შეიძლება, რადგან მარადონა ღვთის საჩუქარი იყო ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს“.
ჯანლუკა ვილიოტი (ჟურნალისტი): „კვარაცხელიას გოლი მართლაც იყო მარადონას სტილში გატანილი, მაგრამ 10 ნომერზე არ უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, რატომ არ გინდათ 77 ნომერი გავხადოთ მისი წყალობით განსაკუთრებული. საოცარი ბიჭია, ის ფეხბურთს ხალხს აყვარებს, ფენომენალური ფეხბურთელია“.
ფრანჩესკო გრაციანი (იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): „ამის შესახებ ზუსტი წარმოდგენა არ მაქვს. მარადონა არ იქნებოდა წინააღმდეგი 10 ნომერი კვარაცხელიას ან ვინმე სხვას მოერგო. მას ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით ნახავდა „ნაპოლის“ 10 ნომრით სხვა ფეხბურთელს. მით უფრო, ტექნიკურ და ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი თუ იქნებოდა“.
ენრიკო ფედელე (სპორტული მენეჯერი): „არ დაგვავიწყდეს ტოლოის სიმსუბუქე გოლის ეპიზოდში. მან კვარაცხელიას კარისკენ გზა გაუხსნა. კვარა ხარისხიანი გარემარბია, მაგრამ ერთი ჩემპიონი და მეორე აბსოლუტური ჩემპიონი. კვარას 8 მცველი არ მოუტყუებია, ორი მცველი მოატყუა, სხვები მომენტში აქტიურად მონაწილეობდნენ. კვარას 10 ნომერი? გაჩერდით! ვინც ამბობს, ჩემი აზრით პატიმრობას იმსახურებს“.
ივან ძაძარონი (Corriere Dello Sport-ის დირექტორი): „მინდა, შეგახსენოთ, რომ მარადონას ბევრად მაღალი დონის მცველები თამაშობდნენ, ვიდრე ახლა. ძალიან გთხოვთ, მსგავს შედარებებს ნუ გააკეთებთ. შემიძლია ამ ცილისწამებისთვის ყველას ვუჩივლო, ვინც კვარაცხელიას მარადონას ადარებს. გოლი მის სტილში გატანილი იყო, მაგრამ დიეგო არაამქვეყნიური გახლდათ. მივცეთ ხვიჩას 15 წელი და ვნახოთ, სადამდე მივა. მარადონა მარსიდან იყო, მისნაირი შეიძლება მაშინ მოვიდეს ამ ქვეყნად, როცა ჩვენ წავალთ. კვარა სალაჰს ჰგავს, ასევე დრიბლინგებითა და ჩამოწეული გეტრებით ჯორჯ ბესტს“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.