საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „დინამო თბილისისა“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს, შედეგად ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს სტუმრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ. ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, რომელმაც 69-ე წუთზე პენალტი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს "დინამოს" მაისურით სადებიუტო გოლია.
„დინამო თბილისი“ ოთხი ტურის თავზე ერთადერთი უდანაკარგო გუნდია და 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „თელავს“ ესტუმრება. „სამგურალის“ აქტივში 4 ტურის შემდეგ 6 ქულაა, რითაც მეოთხე ადგილზეა, წინ კი „ტორპედოსთან“ თამაში ელოდება.
„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 2:0 (0:0)
გოლი: 1:0 მოისწრაფიშვილი (69, პენ), 2:0 ხარაიშვილი (90)