ფეხბურთი

10:54 | 13.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე ბერგომი: "გოლის მომენტში კვარაცხელიას შეჩერება რომ მეცადა, მეც მიწაზე დავეცემოდი"
"დრიბლინგებით ფენომენ რონალდოს მაგონებს"

იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილ გოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი დრიბლინგებით ბრაზილიელ რონალდოს აგონებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ ულამაზესი იყო, ერთ-ერთი ულამაზესი, რაც კი ბოლო წლებში მინახავს. მეც მიწაზე დავეცემოდი, თუ მის შეჩერებას ვეცდებოდი. კვარა დროს იპარავს.

ნამდვილად თუ გვინდა მცველების მოქმედებაში ხარვეზები ვიპოვოთ, ჩემი ყოფილი მწვრთნელის სიტყვები უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამბობდა, რომ მცველმა არასოდეს უნდა აჩვენოს მეტოქეს მაისურის ნომერი, ანუ ზურგით არ უნდა შემობრუნდეს. კვარაცხელია დრიბლინგებში კაკასავით სწრაფია? თუ შედარებები უნდა გავაკეთოთ, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთ რაღაცებს ფენომენი რონალდო აკეთებდა“, - თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.121987