კალათბურთი

1:58 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო და გუნდს “ხოვენტუტთანაც“ ულიდერა (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ხოვენტუტ ბადალონა“ მარტივად დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი შეხვედრაში საუკეთესო იყო.



შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 19 ქულით, და 7 მოხსნით გამოიჩინა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. ამ მაჩვენებლებით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მისი კარგი თამაშის დახმარებით კი „ლენოვო ტენერიფემ“ მეტოქე 85:68 დაამარცხა.

მატჩის წინ გიორგი შერმადინი დააჯილდოვეს. ქართველი კალათბურთელი თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, თუმცა კუთვნილი ჯილდო მხოლოდ ახლაღა მიიღო:

„ეს საოცარია. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უკვე მეთერთმეტეა, თუმცა მთავარი ის არის, რომ გუნდი კარგად თამაშობს“ - განაცხადა გიორგიმ ჯილდოს მოპოვების შემდგომ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მეტოქე გუნდის მხრიდან თავი ანტე ტომიჩმა 17 ქულით გამოიჩინა, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღევანდელი გამარჯვების შემდგომ, „ტენერიფეს“ 30 ქულა დაუგროვდა და ცხრილის მე-4 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გუნდი 15 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიას“ წინააღმდეგ გამართავს, ლიგა ენდესაში კი 18 მარტს „ობრადოიროს“ დაუპირისპირდება.

0.114906