იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ საოცარი გოლი გაუტანა და „ნაპოლის“ მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - 2:0.
იტალიური მედიისთვის მოედანზე საუკეთესო რასაკვირველია ქართველი ფეხბურთელი იყო, რადგან ხვიჩამ მატჩის ბედი თავისი დიდებული გოლით გადაწყვიტა, როგორც მინიმუმ, თამაშში გარდატეხა შეიტანა.
Calciomercato 8 ქულა: „თავიდანვე ჩანდა, რომ მისი საღამო იყო, მაგრამ გოლი აბსოლუტური ჩემპიონის შემოქმედებაა, როდესაც მეტოქის მთელი დაცვა გაანადგურა“.
Eurosport 8 ქულა: „გიგანტური სლალომი „ატალანტას“ მცველების წინააღმდეგ, რომლის კულმინაცია მარჯვენა ფეხით ხარიხის ქვეშ დარტყმა იყო და ანგარიში 1:0 გახდა. ციმციმები შეტევის ფაზაში და ბევრი თავდადება უკან დახევისას. ქართველი თავის დონეზე დაბრუნდა“.
Tuttonapoli 8 ქულა: „რა გოლი გაიტანა?! ორმაგი გადახვევა, რომელმაც პრაქტიკულად ნახევარი „ატალანტა“ ბარში გაგზავნა და სპონტანურად გულშემატკივრებში ბადებს კითხვას: არის თუ არა, ეს სეზონის საუკეთესო გოლი, სულ მცირე დრიბლინგის ოსტატობისთვის. შთაბეჭდილებას წარმოუდგენელი გოლის გარეშეც ახდენს, დრიბლინგების რაოდენობით, ის არსაიდან ქმნის საგოლე შანსებს მაშინაც, როცა „ატალანტა“ დაცვაში ჩაკეტილია“.
Corriere Dello Sport 8 ქულა: „მოდით, ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის გადახრები და დარტყმა, რომელმაც თამაში გახსნა. არსებობს ერთი რამ, რაც ფიზიკოსებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ, რადგან მოედანზე რაღაც აუხსნელს ვხედავთ: ბურთის წარმოუდგენელი მიზიდულობა ორივე ფეხზე. ამ ფენომენის ერთ-ერთი საიდუმლო ისაა, რომ ბურთს არასდროს კარგავს და ეს საშუალებას აძლევს გააკეთოს ის, რაც მას სურს: აჩქარდეს, გადაუხვიოს, დაამუხრუჭოს, შეცვალოს მიმართულება, მცველები კი ამ სფერულ ობიექტს ვერასდროს პოულობენ. აღმოჩენის შემთხვევაში მეცნიერები გაგვაფრთხილებენ, ამიტომ უმჯობესია ასე დავრჩეთ: მაგიის და ამოუცნობის ეფექტის ქვეშ“.
Goal Italia 8 ქულა: „მუხტი, ტექნიკა და ძალა. „აძურის“ 77 ნომრის გოლს ყველაფერი აქვს. ნამდვილი ჩემპიონის დრიბლინგი და მხოლოდ ტაში!“
Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „ოლიმპიური დისციპლინა. მწვანე მინდორზე გიგანტური სლალომი, რომელსაც ალბათ მიქაელა შიფრინიც მიბაძავს იმ დღეს, როდესაც მან სპორტის ისტორია გადაწერა. მარჯვნივ, მარცხნივ, ისევ მარჯვნივ: გადახვევები, რომელმაც მისი მეტოქეები დაათრო. აი, როგორ გაიტანა მატჩში პირველი და სეზონში მე-11 გოლი (სერია A-ში - რედ)“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, სერია A-ში 11 გოლით კვარაცხელია ლევან მჭედლიძეს დაეწია, ქართველი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძეს აქვს გატანილი, მაგრამ ხვიჩა დიდი ალბათობით, მას ამ სეზონშივე გადაასწრებს.