კალათბურთი

10:42 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის არყოფნაში „ლეიკერსს“ დევისმა მოაგებინა

გამთენიისას NBA-ში „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „მემფის გრიზლსის“ დაპირისპირება გაიმართა, რომელიც კალიფორნიელებმა ენტონი დევისის ბრწყინვალე თამაშის დახმარებით - 112:103 მოიგეს.



„ლეიკერსის“ მაღალმა „კრიპტო არენას“ პარკეტზე 35:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 30 ქულა და 22 მოხსნა დააგროვა. დევისმა 17-დან 11 ტყორცნა გამოიყენა. ფარზე მისმა ასეთმა დომინანტურობამ კი „ლეიკერსს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ.

„ლეიკერსის“ რიგებში ფეხის დაზიანების გამო არ უთამაშია ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსს. თავის მხრივ, არც მემფისს ჰყოლია თავისი ლიდერი ჯა მორანტი, რომელიც ცნობილი სკანდალის გამო გუნდის მხრიდან დასჯილია. ამის გამო „გრიზლსს“ ჯარენ ჯექსონმა ულიდერა, რომელსაც 26 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. „ელეიში“ ენტონის მხარი ჰაჩიმურამ, რივსმა და შროდერმა 17-17 ქულებით აუბეს და საბოლოოდ გამარჯვება კალიფორნიელთა მხარეს ჩაიწერა.

დღევანდელი მოგებით, „ლეიკერსს“ დასავლეთ კონფერენციაში 32 მოგება და 34 მარცხი დაუგროვდა და აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი ფლეი ინის ზონაში იმყოფება, თუმცა მე-13 ადგილოსან „იუტა ჯაზთან“ სხვაობა მხოლოდ 1 მოგება და 1 წაგებაა, ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება „მემფის გრიზლსს“, ეს გუნდი ამავე კონფერენციაში მე-2 პოზიციას იკავებს 38 მოგებითა და 26 მარცხით.

კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 11 მარტს, „ტორონტო რაპტორსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, მემფისი კი 10 მარტს „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ მიიღებს.

0.112513