გუშინ კოტ დ’იუარის ჩემპიონატში „რასინგ აბიჯანისა“ და „სოლის“ მატჩის მიმდინარეობის დროს 21 წლის მარცხენა მცველი, მუსტაფა სილა მოედანზე გარდაიცვალა.
ფეხბურთელი თავის პოზიციაზე იმყოფებოდა, როდესაც მოედანზე უგონოდ დაეცა ისე, რომ მის გარშემო არავინ იმყოფებოდა. პირველად ის მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა შეამჩნია და მისი დახმარება ითხოვა.
გუნდის ინფორმაციით, სილა საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა, თუმცა აფრიკულ მედიაში გაჟონა იმ ამბავმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედანზევე გაუჩერდა გული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მუსტაფა სილას 2019/20 წლების სეზონში ლიგის ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციით, მას ფრანგულ „ნიცას“ უკავშირებდნენ.